| |
სექტემბერი 2010
| ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |
|
|
|
| |
|
| |
|
| |
|
| |
გვერდი მოინახულა 22097-მა ადამიანმა
|
|
 |
|
|
| |
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება
ვაშინგტონი, 4 აპრილი 1949 წელი
ამ ხელშეკრულების მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ რწმენას გაერთიანებული ერების ქარტიის მიზნებისა და პრინციპებისადმი და მათ სურვილს იცხოვრონ მშვიდობიანად ყველა ხალხთან და ხელისუფლებასთან. მათ მტკიცედ აქვთ განზრახული დაიცვან თავიანთი ხალხების თავისუფლება, დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული საერთო მემკვიდრეობა და ცივილიზაცია, პირადი თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ისინი იღწვიან ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის. მათ გადაწყვეტილი აქვთ გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა კოლექტიური თავდაცვის და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის. აქედან გამომდინარე, ისინი თანხმდებიან ამ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების თაობაზე:
მუხლი 1
მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, როგორც ეს გადმოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში, მოაგვარონ ნებისმიერი საერთაშორისო დავა, რომელშიდაც ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ ჩართული, მშვიდობიანი გზით ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგეს საერთაშორისო მშვიდობა, უსაფრთხოება და სამართლიანობა, და თავიანთ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ნებისმიერი ისეთი სახით, რომელიც შეუსაბამოა გაეროს მიზნებთან.
მუხლი 2
მხარეები ხელს შეუწყობენ მშვიდობიანი და მეგობრული საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას თავიანთი თავისუფალი ინსტიტუტების გაძლიერებით, იმ პრინციპების უკეთესი გააზრებით რომლებსაც ეს ინსტიტუტები ეფუძნება და ასევე სტაბილურობისა და კეთილდღეობის პირობების შექმნით. ისინი ეცდებიან თავიანთ საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკაში კონფლიქტების აღმოფხვრას და წაახალისებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ნებისმიერ თუ ყველა მათგანს შორის
მუხლი 3
ამ ხელშეკრულების მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევისათვის, მხარეები ცალ-ცალკე და ერთობლივად, გამუდმებული და ეფექტური თვითდახმარების და ურთიერთთანადგომის გზით შეინარჩუნებენ და განავითარებენ თავიანთ ინდივიდუალურ და კოლექტიურ შესაძლებლობას წინ აღუდგნენ შეიარაღებულ თავდასხმას.
მუხლი 4
მხარეები ერთმანეთს მოეთათბირებიან ყოველთვის, როდესაც, რომელიმე მათგანის აზრით, ნებისმიერი მონაწილე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება.
მუხლი 5
მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ ან რამდენიმე მათგანზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, განხილული იქნება თავდასხმად ყველა მათგანზე. აქედან გამომდინარე, თუ ასეთ შეიარაღებულ თავდასხმას ექნება ადგილი, ყოველი მათგანი, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით, დახმარებას გაუწევს მხარეს ან მხარეებს, რომელზედაც განხორციელდება თავდასხმა, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვა მხარეებთან შეთანხმებით, ისეთი ქმედებების განხორციელებით, რომლებიც აუცილებლად ჩაითვლება – მათ შორის შეიარაღებული ძალის გამოყენებით, რათა მოხდეს უსაფრთხოების აღდგენა და შენარჩუნება ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში.
ნებისმიერი ასეთი შეიარაღებული თავდასხმისა და მის შედეგად განხორციელებული ყველა ზომის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ზომების მიღება შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ უშიშროების საბჭოს მიღებული აქვს ზომები, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნებისათვის.
მუხლი 6
მე-5 მუხლის მიზნების შესაბამისად, ჩაითვლება, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ მხარეზე წარმოადგენს შეიარაღებულ თავდასხმას:
ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში, ალჟირის ფრანგულ დეპარტამენტებზე , ნებისმიერი მხარის საოკუპაციო ძალებზე ევროპაში, ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით ნებისმიერი მხარის იურისდიქციის ქვეშ მყოფ კუნძულებზე ანდა ნებისმიერი მხარის მცურავ საშუალებებსა ან საჰაერო ხომალდებზე ამ არეალში
მუხლი 7
ეს ხელშეკრულება არ ახდენს გავლენას და არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც რაიმე სახით გავლენის მქონე, გაეროს ქარტიის მიხედვით განსაზღვრულ იმ მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გაეროს წევრები არიან ან უშიშროების საბჭოს უპირველეს მოვალეობაზე შეინარჩუნოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.
მუხლი 8
თითოეული მხარე აცხადებს, რომ არცერთი საერთაშორისო ვალდებულება რომელიც ამ დროისათვის ძალაშია მასსა და რომელიმე სხვა მხარეს, ან მესამე სახელმწიფოს შორის, არ ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულებას და პასუხისმგებლობას კისრულობს არ აიღოს ისეთი საერთაშორისო ვალდებულება რომელიც წინააღმდეგობაში იქნება ამ ხელშეკრულებასთან.
მუხლი 9
ამრიგად, მხარეები აყალიბებენ საბჭოს, სადაც ყოველი მათგანი იქნება წარმოდგენილი ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. საბჭო უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი დაუყონებლივ შეკრება. საბჭომ საჭიროების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბოს დაქვემდებარებული ორგანოები; კერძოდ, მან დაუყოვნებლივ უნდა შექმნას თავდაცვის კომიტეტი, რომელიც ჩამოაყალიბებს რეკომენდაციებს მე-3 და მე-5 მუხლების განსახორციელებლად.
მუხლი 10
მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეკრულებასთან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ამგვარად მოწვეული ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება გახდეს ხელშეკრულების მხარე მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას წარუდგენს მის ხელთ არსებულ დოკუმენტს მიერთების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცნობებს თითოეულ მხარეს მიერთების ასეთი ინსტრუმენტების წარდგენის შესახებ.
მუხლი 11
მხარეებმა უნდა მოახდინონ ხელშეკრულების რატიფიცირება და მისი დებულებების განხორციელება მათი სათანადო კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად, სარატიფიკაციო სიგელები უმოკლეს ვადაში უნდა იყოს წარდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისათვის, რომელიც შეატყობინებს ყველა სხვა ხელმომწერს ყოველი წარდგინების შესახებ. ხელშეკრულება ძალაში შევა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, მაშინვე როგორც კი ხელმომწერთა უმრავლესობის (მათ შორის ბელგიის, კანადის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის, გაერთიანებული სამეფოს და შეეთებული შტატების) რატიფიკაცია წარდგენილი იქნება და მოქმედებაში მოვა სხვა სახელმწიფოების მიმართ მათი რატიფიკაციის წარდგენის დღიდან.
მუხლი 12
ხელშეკრულების ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ, ან ამ ვადის გასვლიდან ნებისმიერ დროს, მხარეები, რომელიმე მათგანის მოთხოვნის საფუძველზე ერთობლივად განიხილავენ ხელშეკრულების გადახედვის მიზანშეწონილობას იმ ფაქტორთა გათვალისწინებით რომლებიც გავლენას ახდენენ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში. მათ შორის როგორც საყოველთაო, ასევე რეგიონული შეთანხმებების შემუშავების ჩათვლით, გაეროს ქარტიის საფუძველზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
მუხლი 13
ხელშეკრულების ამოქმედებიდან ოცი წლის შემდეგ ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წევრობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისათვის დენონსაციის შესახებ შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. შეერთებული შტატების მთავრობა, თავის მხრივ, აცნობებს სხვა მხარეთა მთავრობებს დენონსირების შესახებ ყოველი შეტყობინების თაობაზე.
მუხლი 14
ეს ხელშეკრულება, რომლის ინგლისური და ფრანგული ტექსტები თანაბრად აუთენტურია, შეინახება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივებში. ამ ქვეყნის მთავრობა სათანადოდ დამოწმებულ ასლებს გადასცემს სხვა ხელმომწერ მხარეთა მთავრობებს.
|
|
|
|